16 წელი აგვისტოს ომიდან - ამ წარწერით და ომის ამსახველი ფოტოებით აგვისტოს მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ და სახელისუფლებო გუნდის ლიდერები.
„ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული წინაპართა საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები - აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.
2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.
ომიდან 16 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.