მინდა, ხმა მივაწვდინო ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ სანამ ის ჩვენ გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლისკენ დაგვმოძღვრავს, კარგად გაეცნოს საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ ვინ და როგორ მოქმედებდა 16 წლის წინ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, 16 წლის წინანდელი მოვლენები შეგვახსენებს, რომ გვმართებს გააზრებული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებში იქნება და მის სიძლიერეს მოემსახურება.
„ამიტომ, ეს თარიღი ერთი მხრივ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს მოტივაციას, რომ ჩვენი გმირული ნაბიჯებით და ამაყი სულისკვეთებით ეს ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მაგრამ ასევე გვაძლევს იმის მაგალითს, რომ მეტი პასუხისმგებლობა და გონიერება გამოვიჩინოთ, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ინტერესს ეხება“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
რადიკალური ოპოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს ასახელებს. ამ დღის აღსანიშნავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ისევე, როგორც 2013 წლის შემდეგ, დღეს - 7 აგვისტოს მივიდნენ. ისინი ომის დაწყების თარიღის შეცვლის შესახებ კითხვებს ისევ არ პასუხობენ.