16 წლის წინანდელი მოვლენები შეგვახსენებს, რომ გვმართებს გააზრებული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებში იქნება და მის სიძლიერეს მოემსახურება,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა მედიასთან განაცხადა.
„16 წელი გავიდა იმ უაღრესად ტრაგიკული მოვლენიდან, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა, რამაც ჩვენი ქვეყნის ამაყი მოქალაქეების, თავდადებული და ვაჟკაცი სამხედროების სიცოცხლე შეიწირა. 16 წლის წინანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ უაღრესად გააზრებული, პრაგმატული და რაც ყველაზე მთავარია, პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ისეთი ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება და რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს მოემსახურება.
იმედი მაქვს, რომ ვიდრე ამ ქვეყანაში ერთი ქართველი მაინც იქნება, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ მოცემულობას და ეს არის დროებითი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე 16 წლის წინანდელი სიტუაცია იყო, დღეს გაცილებით, ასმაგად რთული ვითარებაა მსოფლიოში, რეგიონში და კიდევ უფრო მეტად გვმართებს სიფხიზლე და დაფიქრებული, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ 16 წლის წინანდელი მოვლენები შეგვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეები წინაშე ვალდებულება გვაქვს და რომ ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი მეზობელი, არსად არ წასულა, ის ძლიერი მანქანაა კვლავ ცდილობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეცვალოს. ხედავთ, რა ხდება უკრაინაში. 16 წლის წინანდელი მოვლენები ამავდროულად, შეგვახსენებს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორ არ უნდა მოქმედებდეს იგი, კლასიკური მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ექცეოდეს საკუთარ ქვეყანას და ხალხს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.