აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან ირანისა და ისრაელის ხელისუფლებებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს ვაწარმოებდით ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ჩვენ მიგვაქვს ეს მოსაზრება ირანამდე. ჩვენ ეს გზავნილი ასევე უშუალოდ ისრაელს გადავეცით“, - თქვა ბლინკენმა.
ის ასევე გამოეხმაურა „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ახალ ლიდერად, იაჰია სინვარის დანიშვნას. ბლინკენის თქმით, სინვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა შეუძლია.
მისივე თქმით, ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები „ჰამასის“ ლიდერ ისმაილ ჰანიეს მკვლელობის მიუხედავად, გრძელდება და ფინალურ სტადიაშია.