მაკა ბოჭორიშვილი „დემოკრატიის ფესტივალზე“: ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფოების მხრიდან ხდება იმ კამპანიების წახალისება, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს და ინტერესებს აზიანებს

მაკა ბოჭორიშვილი „დემოკრატიის ფესტივალზე“: ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფოების მხრიდან ხდება იმ კამპანიების წახალისება, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს და ინტერესებს აზიანებს

ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფოების მხრიდან ხდება იმ კამპანიების წახალისება, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს და ინტერესებს აზიანებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა დანიის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ფესტივალის“ შესახებ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერი იყო გამოფენილი.

„ეს ღონისძიებები საბოლოო ჯამში ხმარდება იმ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს არ არის ახალი. ამას ვუყურებთ ჩვენ უკვე, რამდენიმე წელიწადია და ჩვენს პარტნიორებს არ უნდა უჭირდეთ იმის გამოკვლევა, თუ რას ემსახურება ესა თუ ის ღონისძიება, რომელსაც ისინი აფინანსებენ. ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფოების მხრიდან ხდება იმ კამპანიების წახალისება, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს და ინტერესებს აზიანებს”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოში დანიის საელჩო ამ დრომდე არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.