შე დალოცვილო, ამდენს თუ ხვდები, რომ შენ არავინ არაფრად გაგდებს და აქ მთავარი ბიძინა ივანიშვილია საზოგადოების თვალში, გაჩერდი, ორი დღის პარასკევი გაქვს დარჩენილი ვადის ამოწურვამდე და მიიყვანე ბოლომდე, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილს ურჩევს დებატები საკუთარ თავთან გამართოს.
„ზურაბიშვილი ფორმაშია, ისევ სისულელეებს ამბობს, მშვენივრად. პირველი, რაც უნდა ვთქვათ, რა ენაზე აპირებს დებატებს საერთოდ, იმიტომ, რომ მაგის ენა არავის ესმის. 2018-2019-ში ჩვენ ძირითადად მაგისი სისულელეების თარგმნით ვიყავით დაკავებული.
ვურჩევდით, რომ თუ ვინმესთან უნდა იდებატოს ზურაბიშვილმა, ეს არის 2018 წლის სალომე ზურაბიშვილი, დადგეს სარკესთან და გამართოს დებატები, კითხვები დაუსვას, რომ ქალბატონო სალომე, თქვენ რომ ამბობდით, რომ „ოცნება“ არის ჩემი ამომრჩეველი, თქვენ რომ ამბობდით „ნაც.მოძრაობა“ არის დამღუპველი, ახლა თვითონ უპასუხოს 2024 წლის ზურაბიშვილმა.
როდესაც თვითონ ამბობს, რომ სახელმწიფოში პირველი პირი მე ვარო, კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს. ეს არის საპარლამენტო ქვეყანა და ჰგონია საპრეზიდენტო ქვეყანა. თან აღიარებს, რომ მართალია მე ვარ პირველი პირიო, მაგრამ მთავარი მაინც ბიძინა ივანიშვილიაო. შე დალოცვილო, ამდენს თუ ხვდები, რომ შენ არავინ არაფრად გაგდებს და აქ მთავარი ბიძინა ივანიშვილია საზოგადოების თვალში, გაჩერდი, ორი დღის პარასკევი გაქვს დარჩენილი ვადის ამოწურვამდე და მიიყვანე ბოლომდე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.