დესტაბილიზაცია, სისხლის ღვრა, თუნდაც, კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების მკვლელობა, არის ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებამდე მიიყვანოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.
„დესტაბილიზაცია, სისხლის ღვრა, თუნდაც, კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების მკვლელობა, არის ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებამდე მიიყვანოს და შემდეგ უკვე გააგრძელოს ის გეგმა, რითი არაერთხელ დაემუქრნენ საზოგადოებას. ეს არის პროცესების რადიკალიზაცია, დაპირისპირება, წმენდის ჩატარება, ერთწლიანი რეპრესიების მოწყობა. სხვანაირად ამას ვერანაირად ვერ განახორციელებენ”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.