ჩემთვის პატიმრობის ყოველი დღე, იქნება ეს კლინიკაში თუ ციხეში, ჯოჯოხეთია, რადგან ვერ ვეხმარები ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი იმართება.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „მართლაც საოცრებაა მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება“.
„თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს. სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები. ხალხი, რომელიც ყვირის ან ომი, ან მონობა, გვიმზადებს ომსაც და მონობასაც. ეს არის ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსების განცდა არ აქვს. ასევე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხალხის ქვეყნიდან გადინებაზე, ჩემს დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. იყო ემოცია, რომ საქართველოს აქვს მომავალი. ახლა პრაქტიკულად ყველა რეკორდი მოხსნა საქართველომ.
მინდა, ვუთხრა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, არ მინდა, ემიგრანტები ვუწოდო, ჩვენ ერთად ჩავალაგებინოთ ამათ ჩემოდნები და გავუშვათ ხელისუფლებიდან. უკვე ჩემოდნებს უნდა ალაგებდეთ და ემზადებოდეთ საქართველოში დასაბრუნებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოსა აქვს ძალიან მაგარი პერსპექტივა, ქვეყანაში დაიწყება ისეთი აყვავების და განვითარების ხანა, რომელიც არასოდეს არ ღირსებია, რომელიც თითქმის დაწყებული იყო, ესენი რომ არ მოსულიყვნენ. ამიტომ ეს ძალა და გამოცდილება გვაქვს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას. ჩვენ ვიყავით მსოფლიო დემოკრატიის შუქურა. მორჩა მაჩანჩალობა და ხელჩამოშვებულობა, მორჩა უკან დახევა და თავის დახრა.
მე მანადგურებენ, ადამიანს, რომელსაც მაქვს ამხელა საერთაშორისო ავტორიტეტი, საერთაშორისო კონტაქტები და რომელიც როგორც ჰაერი ისე სჭირდება საქართველოს. ჩემი პატიმრობის ყოველი დღე, ეს იქნება კლინიკაში თუ ციხეში, არის ჯოჯოხეთი, და პირველ რიგში იმიტომ, რომ ვერ ვეხმარები ხალხს. მე ყველაფერი მინდა ჩვენი ქართველი ხალხისთვის და უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.