ეს ის ოპოზიციაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიტიკურ ტერორს იარაღით, ციხეებში ადამიანების ჩაგვრით, ქონების წართმევით ახორციელებდა. ამიტომ ახლა ცდილობენ, სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიება გააბაიბურონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
ის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის სკეპტიციზმს გამოეხმაურა.
„თუ საერთაშორისო კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური ტერორი, სამწუხაროდ, დღეს 21-ე საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული ფორმა მიიღო, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს. ეს ოპოზიცია არის ის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკურ ტერორს, პირდაპირ იარაღით, ტყვიით, ხელკეტით და ციხეებში ადამიანების ჩაგვრით და ქონების წართმევით, მედიების მასობრივი დახურვით ახორციელებდა. ამიტომ ასეთი ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა ასეთი ტერორი არახალია. რა თქმა უნდა, ისინი ახლა ცდილობენ, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება რამენაირად გააბაიბურონ“,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.