ირაკლი ქადაგიშვილი: დადგინდა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ბანკიდან თანხების არამიზნობრივად გატანასა და მითვისებას ეხებოდა, კავშირი არ ჰქონდა ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან

ირაკლი ქადაგიშვილი: დადგინდა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ბანკიდან თანხების არამიზნობრივად გატანასა და მითვისებას ეხებოდა, კავშირი არ ჰქონდა ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დადგინდა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს მიერ დაკისრებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან კავშირი არ ჰქონია.

„სახელმწიფომ თავის დროზე, როდესაც მიანიჭა მას [მამუკა ხაზარაძე] უფლება, რომ ანაკლიის პროექტი განევითარებინა, სახელმწიფომ ყველა შესაძლო დახმარება აღმოუჩინა ამ პროექტის განხორციელებას. რაიმე პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ არ შეიძლება ჰქონოდათ ანაკლიის პროექტის იმ დროინდელ მესვეურებს. ამავდროულად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სასამართლომ მათ დააკისრა ბანკიდან თანხების არამიზნობრივად გატანისა და მითვისებასთან დაკავშირებით, რასაც თაღლითობის კვალიფიკაცია მიენიჭა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან დაკავშირებით რაიმე კავშირი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.