გურამ მაჭარაშვილი RSF-ის კვლევაზე: ვითომ კრიტიკული მედიის ქურქმოსხმული პირდაპირ დავალებებს ასრულებენ, მიუხედავად ამისა, ისინი დღეს მშვენივრად ფუნქციონირებენ - ეს კვლევა არის სუბიექტური

გურამ მაჭარაშვილი RSF-ის კვლევაზე: ვითომ კრიტიკული მედიის ქურქმოსხმული პირდაპირ დავალებებს ასრულებენ, მიუხედავად ამისა, ისინი დღეს მშვენივრად ფუნქციონირებენ - ეს კვლევა არის სუბიექტური

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ეს კვლევა რომ არის სუბიექტური, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ როგორ შეიძლება, ქვეყანაში იყოს პოზიტიური შეფასება გამჭვირვალობის, მთავრობის კეთილსინდისიერების, მთავრობის მეთაურის ნდობის, დემოკრატიის წინსვლის და სამართლის უზენაესობის კუთხით და ამავე დროს, მედიის თავისუფლების ინდექსში, ვითომ ჩამორჩენა გვქონდეს,  - ამის შესახებ  "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, რომლის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით 2024 წელს საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, მაჭარაშვილის შეფასებით სუბიექტურია. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში დღეს ნებისმიერ პირს მარტივად შეუძლია მედიასაშუალების შექმნა, ხოლო, ისინი, ვინც თავს კრიტიკულ მედიას უწოდებენ, სინამდვილეში დავალებების შემსრულებლები არიან და ამის მიუხედავად, თავისუფლად ფუნქციონირებენ, წინა ხელისუფლების დროს არსებული ვითარებისგან განსხვავებით.

"რა თქმა უნდა, ეს არის სუბიექტური. გარდა ამისა, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს შეუძლია უმოკლეს ვადაში, მარტივი პროცედურით შექმნას მედიასაშუალება და რამდენიც გნებავთ, იმდენი კითხვები დასვას. ჩვენ ისიც კი ვიცით, დღეს, კრიტიკულ მედიას რომ უწოდებენ თავიანთ თავს, რეალურად, ნერვების მოშლით არიან დაკავებული - ვხედავთ, რომ ისეთ კითხვებს სვამენ, პასუხსაც თვითონ სცემენ, კომენტარსაც თვითონ აკეთებენ და ჩვენ გვიწევს მერე სწორი პასუხების გაცემა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხომ არსებობენ, ხელს ხომ არავინ უშლით, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, სადაც საჯაროდ, პირდაპირ აყაჩაღებდნენ და ხურავდნენ მედიასაშუალებებს. ელემენტარულად, ნამუსსაც ხომ უნდა მიაკითხონ ხანდახან, როდესაც საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე? როდესაც წინა ხელისუფლებაში ერთი ერთში ემთხვეოდა ყველა მედიასაშუალების ნებისმიერი გადაცემა, აღარაფერს ვამბობ პირდაპირ საჯაროდ დახურვაზე, სპეცრაზმის შევარდნაზე და ა.შ. კიდევ ვიმეორებ, დღეს ვითომ კრიტიკული მედიის ქურქმოსხმული რომ პირდაპირ დავალებებს ასრულებენ, მიუხედავად ამისა, ისინი დღეს მშვენივრად ფუნქციონირებენ." -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.