„იყო ბატონ გია ლორთქიფანიძეზე კითხვა დასმული. მე ვუთხარი, რომ მე იქ არ გამიცნია, არ ვიცნობ. როგორც ყოფილი ძალოვანი, აქ საქართველოდან სახელი, გვარი გამიგია და მაგ მხრიდან ვიცნობ. ისე, პიროვნულად არ ვიცნობ. იყო კიდევ გიორგი უდესიანზე კითხვა. ვუთხარი, რომ გიორგი უდესიანს ვიცნობ და არის ჩემი მეგობარი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ, ვაჟა ციცილოშვილმა განუცხადა.
ის, დღეს საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ვაჟა ციცილოშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ნაწილში გამოკითხვისას, ნახსენები იყო სიტყვები: ჩასაფრება და აფეთქება.
„თუ საიდანმე რამე გსმენიათ და თქვენ რამეში ხართ ჩართულები - ასეთი კითხვები იყო. და ჩვენ არანაირი, არც გამიგია... კი, აფეთქება, ჩასაფრება - ყველაფერზე არის ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცი. აზრზე არ ვართ ჩვენ არაფრის“, - აღნიშნა ვაჟა ციცილოშვილმა.
კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც.
„თითქოსდა ვაჟა, თითქოსდა ბექა და თითქოსდა სხვა ქართველი მებრძოლები, რაღაც არეულობას გეგმავენ საქართველოში. როდესაც ეკითხებიან, შენ ეს ხომ არ შეგიკვეთეს, თუ რაღაც მსგავსი ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, მსგავსი კითხვა არ ისმება დაკითხვებზე. ჩემამდე გამოვიდა გამომძიებელი, შინაარსში მასთან უნდა შეხვიდეთ“, - განაცხადა მან.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მან დაადასტურა, რომ თავად იგი უკრაინაში იმყოფებოდა.
დღესვე, საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიებას ჩვენება ბექა ჭულუხიძემ მისცა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სუს-სა და სასამართლოში ათზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.