ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი მოწმე ბექა ჭულუხაძე გამოიკითხა. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები ეხებოდა უკრაინაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებთან ნაცნობობასა და ტერაქტის მოწყობის დავალებას.
ჭულუხაძემ აღნიშნა, რომ გამოკითხვაზე იკვლევდნენ გია ლორთქიფანიძესთან და მამუკა მამულაშვილთან ნაცნობობას, რომლებისაც მისი განცხადებით, არ იცნობს. უკრაინაში მყოფ, ძალოვანი უწყების ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებით კი მოწმემ აღნიშნა, რომ ზოგ მათგანს იცნობს.
„აინტერესებდათ, თუ ვინმესგან ვიღებთ რამე დავალებებს, რომ აქ ტერორისტული აქტი მოვაწყოთ ან ეგეთი რაღაც. ან რამე დავალებით ხომ არ ჩამოვედი”, - განაცხადა ბექა ჭულუხაძემ.
მისი თქმით, ოთხი თვეა, რაც საქართველოში დაბრუნდა.
„აპირებდით რამე ტერაქტსო, ან რამე დავალება მოგცესო ივანიშვილთან მიმართებაში? სისულელეა და ეგეთი რამე არ არსებობს“, - აღნიშნა ჭულუხაძემ.
სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.