კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დღეიდან ძალაშია

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დღეიდან ძალაშია

დღეიდან ძალაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა. ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნა. მისი ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა.

კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.