ვედანტ პატელი: ქართველი ხალხისთვის სარგებლის მომტანი პროგრამების მხარდაჭერას გავაგრძელებთ, შეიძლება, დახმარების პროგრამები შეიცვალოს, რათა რესურსები არასამთავრობოებზე გადამისამართდეს

ვედანტ პატელი: ქართველი ხალხისთვის სარგებლის მომტანი პროგრამების მხარდაჭერას გავაგრძელებთ, შეიძლება, დახმარების პროგრამები შეიცვალოს, რათა რესურსები არასამთავრობოებზე გადამისამართდეს

სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ აშშ შეაჩერებს 95 მილიონი დოლარის დახმარებას, რომელიც სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. აშშ ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და მცდარი განცხადებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს მოწოდებებს საქართველოს მთავრობისადმი, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქმედებები, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელება თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, აშორებს ქვეყნის მოქალაქეებს ევროპული მისწრაფებებიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს საქართველოს მთავრობისადმი, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით. ეს ქმედებები შესაბამისი იქნება აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის მისაღებად დემოკრატიული პარტნიორისთვის“, – აღნიშნა პატელმა.

როგორც პატელმა აღნიშნა, დახმარების პროგრამები შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გამორჩეულად გამომწვევ მომენტშია, აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. ჩვენ გავაგრძელებთ ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედებები. ვიდრე გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას, „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დახმარების პროგრამები შეჩერდება. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, – აღნიშნა პატელმა.