გია ვოლსკი: ამერიკაში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არ ნიშნავს არანაირ ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია

გია ვოლსკი: ამერიკაში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არ ნიშნავს არანაირ ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია

ამერიკაში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არ ნიშნავს ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისკენ, რომ აზიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთს უკეთესად დაუკავშირდეს.

„ახლახან კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩასული ჩინეთში, ჩინური მხარის მიწვევით. ისინი სტრატეგიული პარტნიორები 2005 წლიდან არიან და 2018 წლიდან ვითარება დაეძაბათ, მაგრამ ჩასული იყვნენ იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება განაახლონ. ჩინეთში ჩასული იყვნენ ევროპული ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი; ეკონომიკის მინისტრები შვეიცარიიდან და ფინეთიდან. ასევე ჩასული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეხვედრა მზადდება უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების. ამერიკაში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არ ნიშნავს არანაირ ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია. ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისკენ, რომ აზიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთს უკეთესად დაუკავშირდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენი დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული გზაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ასევე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

„რაც შეეხება მის განცხადებას არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას შეხსენება არ სჭირდება, რადგან სწორედ ამიტომ იყო შემოტანილი ელექტრონული არჩევნები, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ფალსიფიცირებას. არჩევნები მაღალ ევროპულ დონეზე ჩატარდება. „გამჭირვალეობის შესახებ“ კანონზე კი ერთადერთ განცხადებას ველოდებით, მათ შორის ო’ბრაიენისგან – არავითარი პრობლემა გამჭირვალეობაში არ არსებობს და ქართული საზოგადოება იმას იმსახურებს, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ფული შემოდის და ზუსტად ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება პროგრამებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები გაჭრილები არიან პოლიტიკურ ველზე და უკვე ლიდერის პოზიციებსაც იკავებენ. რასაკვირველია, ამ თემაზე საუბარი გვექნება. მთავარი საკითხია იმის მოლოდინი, რომელი პოლიტიკაა სწორი – სტაბილურობის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით თუ დესტაბილიზაციის, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს.

მთელი რიგი ქვეყნები ნაბიჯებს დგამენ, რათა ჩინეთთან მათი ეკონომოკური ურთიერთობა განვითარდეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რასაც მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება და სამშვიდობო პროცესი ჰქვია, რომელმაც აზიისა და ევროპის ეკონომიკები მჭიდროდ უნდა დააკავშიროს. საქართველო სწორედ იქ მდებარეობს, სადაც არის შუა დერეფანი და რომელიც არის ალტერნატიული დერეფანი, საიდანაც საქონელი აზიიდან მიწოდებული იქნება ევროპული ბაზრებისთვის. ეს არანაირ ალტერნატივას არ წარმოადგენს იმ კავშირების, რაც ამერიკასთან და ევროკავშირთან გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.