ჩვენთვის ჩინეთი საჭირო პარტნიორია, მასთან ეკონომიკური პარტნიორობა საჭიროა, ანაკლიის პროექტში ჩინეთის მონაწილეობა სწორი და ლოგიკურია, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა და ბევრმა მეგობარმა სახელმწიფომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და ამას კონკრეტული პროექტების შეჩერება მოჰყვა.
„„ქართულ ოცნებას“ თავისი ქმედებებით საერთაშორისო იზოლაციისკენ მივყავართ. რა თქმა უნდა, „გამჭირვალობის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ურთიერთობებს აზიანებს. ასევე, ყველაზე მთავარი საკითხია, როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არცერთი თემა არ არის. როგორ ჩატარდება არჩევნები და ჩვენი მოქალაქეების ნება იქნება თუ არა დაცული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუ როგორ გაგრძელდება ურთიერთობები საქართველოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, როგორც დაუშვილი აცხადებს, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები საჭიროა და, პირიქით, გასაღრმავებელია.
„არ შეიძლება, ამ საკითხზე ორი აზრი არსებობდეს. მესმის, რომ ამერიკა-ჩინეთი კონკურენტები არიან და გასაგებია მათი ეკონომიკური ინტერესები. ჩვენთვის ჩინეთი საჭირო პარტნიორია, რა თქმა უნდა, მასთან ეკონომიკური პარტნიორობა საჭიროა. მნიშვნელოვანია, ჩინეთი ანაკლიის პორტში მონაწილეობდეს. ჩინური ტვირთი ევროპაში უნდა წავიდეს. ლოგიკურია, რომ ჩინეთი ამ პროექტში მონაწილეობდეს, რადგან ტვირთის ძირითადი ნაწილი მათი იქნება. ინტერესები უნდა დაბალანსდეს, რადგან არ შეიძლება, ერთმა ინტერესმა გადაძალოს მეორე. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ასეთ რთულ რეგიონში ინტერესები დავაბალანსოთ. ტვირთი ევროპაში მიდის და საჭიროა, ამ პროექტში, საქართველოსა და ჩინეთის გარდა, დასავლელი ეკონომიკური აქტორი მონაწილეობდეს. ცხადია, ამ პროექტში ჩინეთის მონაწილეობა სწორი და ლოგიკურია“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.