დავეთანხმებოდი ჯეიმს ო’ბრაიენს, ნება მათია და სამართლიანიც იქნება, თუ ვინმე კორუფციასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაშია გარეული, სანქციები დაუწესდეთ, მაგრამ გაუგებარია პარლამენტის წევრების მიმართ მუქარა, რომლებიც მოვალეობას ასრულებენ, ამას საზოგადოება ნამდვილად არ გააპროტესტებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიას კითხვა დაუსვეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებაზე.
„ნონსენსი და გაუგებარია პარლამენტის წევრების მიმართ მუქარა, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და კანონშემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებული. უკეთესი იქნება, ტონი იყოს შეცვლილი და მოგვეპყრონ ისე, როგორც ჩვენ მათ ვეპყრობოდით, როცა ეს საერთაშორისო მისიებში სჭირდებოდათ. ჩვენს გენოფონდს ყოველგვარი პირობების გარეშე გავზავნიდით, რომელთა სისხლითაც მორწყულია ნახევარი მსოფლიო. „ქართული ოცნების“ მიმართ აბსოლუტურად უარგუმენტო, თითიდან გამოწოვილი, გაუგებარ საფუძველზე დაყრდნობილი კრიტიკა გვესმის, როდის და სად შევცვალეთ საგარეო კურსი? იანუკოვიჩისგან განსხვავებით, როდის განვაცხადეთ, რომ არ გვსურს ევროპაში და გვსურს რუსეთთან? ვეხვეწებით, ვეაჯებით, ყველა კარს ვამტვრევთ, რათა მოლაპარაკებები გაგვიხსნან, რომელსაც, სხვათა შორის, კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მოლაპარაკებებს დღეს გაგვიხსნიან, თუ პირდაპირ გაწევრიანების წინა დღეს, ჩვენ პროცესს მაინც მივყვებით. მჯერა, ევროპა და დასავლეთი არის საღი აზრის გარკვეული სუბსტანცია, საღი აზრი გაიმარჯვებს და მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები იმძლავრებს. საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.