ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს - ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის მმართველობის პირობებშიც ამერიკას არ ჰქონია ომი და „ქართული ოცნებაც“ არის ერთადერთი ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველოს არ ჰქონია ომი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, რომ ქართული ოცნება 12 წელი ინარჩუნებს ხელისუფლებას და კიდევ 4 წელი გარანტირებულად შეინარჩუნებს და კიდევ მინიმუმ 8 წელი გვაქვს ამის ამბიცია, ამას მარტივი ახსნა აქვს - ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ალტერნატივა და ქართულ საზოგადოებასაც არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ გარედან, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს არა მხოლოდ იმის გამეორებას, რასაც ისინი 2004 წლიდან 2012 წლამდე აკეთებდნენ, არამედ ამის გაორმაგებულად გამეორებას. და ამაზე მათ ექნებათ მწვანე შუქი, მათ შორის გარედან იმ ძალებისგან, რომლებიც არაკეთილგანწყობილები არიან „ქართული ოცნების“ მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.