გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის. აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია, შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
„გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის, რომელსაც დემოკრატი და რესპუბლიკელი, ვიმეორებ, რესპუბლიკელი, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენები მოიხსენიებდნენ პრორუსულ, პუტინისტ, კორუმპირებულ ვერშემდგარ დიქტატორად. იქნება ეს „მეგობარი აქტის“ ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტომას კინი თუ კონგრესის სხვა წევრები, მათ შორის რესპუბლიკელები, რომლებიც, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, უკიდურესად მწვავედ აფასებენ ივანიშვილის მცდელობას, ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი. ივანიშვილის რუსეთთან დაახლოებისა და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკასთან ერთად, კონგრესის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების კონსორციუმისთვის გადაეცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაშინ როდესაც სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ტრამპის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს პირდაპირი გაფრთხილებების მიუხედავად, განდევნა ამერიკელი ინვესტორები და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიებით ჩაანაცვლა.
კონგრესის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირების გაგრძელების აუცილებლობას, რაზეც სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯოშ ჰაკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თან ახლდა ჯიმ ო’ბრაიანს საქართველოში და რომელსაც, მათ შორის, მეც პირადად შევხვდი, განაცხადა, რომ, სავიზო შეზღუდვებთან ერთად, აქტიურად იხილება ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. როგორც ჯოშ ჰაკმა განმარტა, არჩევანი ახლა ქართველ ხალხზეა – 26 ოქტომბერს აირჩევენ ანტიდასავლურ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოს არ აქვს ევროატლანტიკური პერსპექტივა, თუ საკუთარი არჩევანით გადაარჩენენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება და თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია – საქართველოს მოქალაქეების, რომლებმაც შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენი ერთიანობითა და თანმიმდევრულობით, მჯერა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი სწორედ ეს იქნება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.