თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი უკრაინაში, თუ რესპუბლიკელები - ნახევარ წელიწადში, ორივე შემთხვევაში ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა არ არის აპრიორი დამოკიდებული რესპუბლიკელების გამარჯვებაზე.
„თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი, თუ რესპუბლიკელები - სავარაუდოდ, ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ანუ აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დაფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი და იმედები.
ორივე შემთხვევაში - მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება, უფრო ადრე, დასრულდება ომი უკრაინაში, დამშვიდდება ვითარება და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ სამართლიან დამოკიდებულებას და არა ისეთს როგორსაც ვხედავდით გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხარო იყო ჩვენთვის. მე ვარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება, ექვს თვეშიც დაიწყება არსებითად, თვისებრივად ურთიერთობების გადახედვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.