მმართველ გუნდში სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურებიან. სახელისუფლებო გუნდისთვის გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით შეპყრობილი რადიკალები, ყველაფერზე წამსვლელები არიან.
„ეს ამბავი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ გლობალურად ისეთი მოვლენები ვითარდება, კონკრეტულად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობას ლობირებენ და საომარი მოქმედებების წინააღმდეგები არიან. აი ამ ადამიანების წინააღმდეგ ბოლო 3 თვის განმავლობაში არაერთი ღიად განხორციელებული ტერორისტული აქტი ვნახეთ, რომლის მიზანიც მათი სიცოცხლის ხელყოფა იყო.
ისინი [რადიკალები] ლეგალურად ვერანაირად ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და ზუსტად ამიტომ აკეთებენ მკვეთრ და რადიკალურ ნაბიჯებს, სადაც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე გადადიან“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოიკითხა რამდენიმე ადამიანი, იგეგმება კიდევ რამდენიმეს გამოკითხვა.