ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროიერმა დასავლეთისთვის რუსეთის მზარდი სამხედრო საფრთხის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული არმია დასავლეთის მიმართულებაზე არის ორიენტირებული“, - აღნიშნა კარსტენ ბროიერმა გაზეთ Sächsische Zeitung-თან ინტერვიუში.
ბროიერის შეფასებით, 5-8 წელიწადში რუსეთის შეიარაღებული ძალები ისე დაკომპლექტდება და აღიჭურვება, რომ ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველწლიურად იღებს 1 000-დან 1 500-მდე ტანკს, მაშინ როდესაც ნატოს ხუთ უმსხვილეს ევროპულ ქვეყანას ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარი აქვს.
„თუ ამ პოტენციალს დავუმატებთ განზრახვას, რომელიც იკითხება პუტინის განცხადებებში, მაშინ ამან უნდა შეგვაშფოთოს. ჩემი საქმეა ვიფიქრო ყველაზე ცუდ სცენარზე“, - დასძინა მან.