გიორგი ვაშაძე: გახარია-ლელოს კომპონენტია დარჩენილი, მოვუწოდებ ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ, დრო ჯერ კიდევ არის - „ქართული ოცნება“ გრენლანდიასავით არის, თუ არ გავიტანეთ, თავში დაგვეცემა

გიორგი ვაშაძე: გახარია-ლელოს კომპონენტია დარჩენილი, მოვუწოდებ ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ, დრო ჯერ კიდევ არის - „ქართული ოცნება“ გრენლანდიასავით არის, თუ არ გავიტანეთ, თავში დაგვეცემა

„ქართული ოცნება“ გრენლანდიასავით არის - თუ არ გავიტანეთ, თავში დაგვეცემა. მართლა გეუბნებით, უნდა გავიტანოთ დროზე. ყველამ უნდა ვთქვათ: გაიტანეთ! , - ამის შესახებ „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანას ერთიანობა გადაარჩენს, რადგან დღეს საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

გიორგი ვაშაძემ გაერთიანებისკენ მოუწოდა პარტიებს, „ლელოს“ და „საქართველოსთვის“.

„ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია-ლელოს. ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება“,- მიმართა ვაშაძემ პარტიებს.ვაშაძის თქმით, არ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი აქვს. „რეალურად, დღეს არჩევნები არის დაპირისპირებასა და ერთიანობას შორის. ჩვენ ან ისევ ვაგრძელებთ ქვეყნის შიგნით დაპირისპირების გზას ან ვერთიანდებით და ვიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს. „ქართული ოცნება“ ყოფს, ჩვენ ვაერთიანებთ. საზოგადოების არცერთ ჯგუფს არ გამოვყოფთ და არ ვამბობთ, რომ ვინმე ამ ქვეყნის მტერი არის. ამ ნეგატიურ რიტორიკაში მათ რაღაც მომენტში აგვიყოლიეს, ჩვენ ახლა უნდა გამოვიდეთ აქედან და ვთქვათ, რომ ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს იმიტომ, რომ ქვეყანა თავზე ჩამოგვეშლება. ახალა საქართველო არის დაჭრილი არწივივით, ყვავ-ყორნები ესევიან გარედან და ჭამენ და ჭამენ სისხლს. ამას გეუბნებით ამ ადამიანებზე. ვისი დამკვიდრებულია ტერმინი „უსამშობლო“? იგივე „ღალატის პარტია“ ? სულ მათი დამკვიდრებულია“,-განაცხადა ვაშაძემ ხელისუფლების მისამართით. გარდა ამისა, ვაშაძემ არჩევნებში გამაჯრვების შემთხვევაში საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკა ექნება.

„ჩვენ ძალიან დაბალანსებული პოლიტიკა გვექნება. ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ავირიდოთ საფრთხეები თავიდან იმ დაბალანსებული პოლიტიკით, რომელიც გვექნება. „ქართულ ოცნებას“ დაბალანსებული პოლიტიკა არ აქვს, პრორუსული პოლიტიკაც კი არ არის ის, რაც ხელისუფლებას აქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკა, მე ოღონდ ხელისუფლებაში ვიყო და ქვა-ქვაზე არ დარჩენილა ამ ქვეყანაში“,-განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გახდება, კიდევ უფრო უკეთესად დაალაგებს აშშ-თან ურთიერთობებს.