მთელი რიგი კანონები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა, 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განმავლობაში შეიცვალა, რისთვისაც პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა.
გიორგაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „საქპატენტი“ თავის უფლება-მოვალეობებს წარმატებით ახორციელებს.
„ბოლო 1 წლის განმავლობაში რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც პირველ რიგში ეხება იმ კანონებს, რომლებიც საერთოდ არ არსებობდა საქართველოში. მაგალითად ბუნებაში არ არსებობდა პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონი, რომლის რეფორმაც დავიწყეთ და მიღებულია კანონი. გარდა ამისა, მთელი რიგი კანონები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა, 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განმავლობაში შეიცვალა, რისთვისაც პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ინიციატივები კანონებად გვექცია. ეს არის რეალური ნაბიჯები, რომელმაც საშუალება მოგვცა, მათ შორის საერთაშორისო აღიარების.
ეს წარმატება არის ასევე უცხოეთის ქვეყნებთან მუშაობის შედეგიც. ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უწყებასთან და პირველ რიგში მათ საპატენტო უწყებასთან გვქონდა არაერთი კომუნიკაცია, არაერთი პროექტი, რის განმავლობაშიც მათთვის ძალიან ნათელი შეიქნა, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სწორად ხორციელდება და ეს არის რა თქმა უნდა ინსტიტუციების დამსახურება. მხოლოდ საქპატენტი ამას ვერ შეძლებს, ბუნებრივია ამ პროცესში ჩართულია არაერთი უწყება და პირველ რიგში საქართველოს მთავრობა, რომელიც მთლიანად სისტემას უწევს კოორდინირებას. ძლიერი ინსტიტუტების არსებობა ქვეყანაში, სწორი დემოკრატიული და სამართლიანი მიდგომები იძლევა შედეგებს, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა გიორგაძემ.