ძალიან თვალნათელი ხდება და უფრო გახდება თვალნათელი ის, რომ გამჭვირვალეობა, მათ შორის ნებისმიერი გაერთიანების ფარგლებში, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც იცავს როგორც თავად გაერთიანებებს, ასევე სახელმწიფოებს უცხოური ჩარევებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა გამოაჩინა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციაში უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის ჩანაწერის შესახებ წინადადებამ საქართველოსთან მიმართებით.
„გავა რამდენიმე წელი და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორად აქვთ დღესაც აღქმული კანონის მნიშვნელობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, ასევე იმ უცხოელებს, რომლებიც დღემდე გვაკრიტიკებენ ჩვენ ამ კანონის მიღებისთვის, მოერიდებათ თვალებში ჩახედვა. საკითხი მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მათ შორის ევროკავშირის დონეზე - მეტი გამჭვირვალეობა, რომელიც თითოეულ სახელმწიფოს დაიცავს სუვერენიტეტის დონეზე უცხოური ჩარევისგან.
ვისურვებდი, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს შეეძლოს ისევე, როგორც ევროკავშირის სახელმწიფოებს შეუძლიათ, თვითონვე გამოყოს და მოიზიდოს სათანადო თანხები იმისთვის, რომ მეტად იყოს მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან თვალნათელი ხდება და უფრო გახდება თვალნათელი ის, რომ გამჭვირვალეობა, მათ შორის ნებისმიერი გაერთიანების ფარგლებში, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც იცავს როგორც თავად გაერთიანებებს, ასევე სახელმწიფოებს უცხოური ჩარევებისგან. არ აქვს მნიშვნელობა ეს უცხოეთი ვინ არის - რუსეთი, ვინმე აზიასა, თუ ევროპაში, თუ ამერიკის კონტინენტზე“, - აღნიშნა ბითაძემ.