უპრეცედენტოა ის აღიარება, რომელიც საქართველომ ამ საერთაშორისო ინდექსით მოიპოვა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის შესახებ, რომლითაც საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ მიიწევს, რეფორმები ხორციელდება, გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. სხვა შემთხვევაში ეს შედეგი ფიზიკურად ვერ დადგებოდა. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ როგორმე გააუფერულონ, მაგრამ რით უნდა გადაფარონ ეს საკითხი, როდესაც აქ არის საუბარი ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომელ ინდექსებსაც მთელი მსოფლიო უყურებს და რომელსაც ითვალისწინებენ”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.