ბოლო წლებმა ნამდვილი იმპულსი შექმნა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა დავიწყეთ ჩვენი კავშირების გაფართოების კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს ჩამოყალიბებით. ახლა ჩვენი კავშირები უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის, როგორ უნდა განამტკიცონ პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში.
„პირველ რიგში, გულწრფელად ვულოცავ უნგრეთს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას. თქვენს ქვეყანას ვუსურვებ წარმატებას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მოხარული ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი ბუდაპეშტში, რათა განვაგრძო ღრმა დიალოგი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებით.
ბოლო წლებმა შექმნა ნამდვილი იმპულსი ჩვენს ურთიერთობებში, რადგან ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ჩვენი კავშირების გაფართოების კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს ჩამოყალიბებით. ახლა ჩვენი კავშირები უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, რადგან რეგულარურად ვაწარმოებთ მაღალი დონის ვიზიტებს ერთმანეთთან. ეს ჩემი მესამე ვიზიტია უნგრეთში ერთ წელზე ნაკლებ დროში. ჩემი კოლეგაც ასევე საქართველოს ხშირი სტუმარია.
შეხვედრის დროს განვიხილეთ, როგორ უნდა განვამტკიცოთ პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში, დაწყებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგით, მჭიდრო თანამშრომლობით ვაჭრობისა და ეკონომიკის ენერგეტიკულ კავშირამდე და მრავალი სხვა მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერით დღეს გვაქვს კონკრეტული შედეგი. ეჭვგარეშეა, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს უფრო დიდ შესაძლებლობებს ჩვენს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაში.
მოგეხსენებათ, უნგრეთი პოზიციონირდა, როგორც საქართველოს პრიორიტეტების გულმოდგინე მხარდამჭერი, რასაც ძალიან ვაფასებთ. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს მოწვევისთვის ბუდაპეშტში მალევე, რაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს საქართველოს და მისი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.