დავით მათიკაშვილი: შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია

დავით მათიკაშვილი: შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია

შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებში, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც ეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ლონდონის სამიტის შემდგომ, სადაც გაზიარებულია ქართული მხარის წინადადება. შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის წარმოშობის, გაცვლის, მისით მომარაგების საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია რეგიონულად ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. არის შესაძლებლობა, რომ ეს ფუნქცია იყოს ბოლომდე, სრულად გამოყენებული, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის როლს გაზრდის რეგიონული მასშტაბით და მას კიდევ ახალ ფუნქციას შემატებს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰეიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს.

სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად.