ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე დავწიოთ, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში - პირობას ვაძლევთ ყველას, რომ ვერცერთი ვეტო და დესტრუქციული ნაბიჯი ვერ შეაფერხებს საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატიმრის რესოციალიზაცია, რათა ის საზოგადოებას საზოგადოების ჯანსაღ წევრად დაუბრუნდეს.
„ჩვენი ამოცანაა [ამნისტიის პროექტის] ისეთი მოდელის შექმნა და კანონისთვის ისეთი ფორმის მიცემა, რომელიც იქნება დაბალანსებული. ეს ხელისუფლება არ უყურებს პატიმარს როგორც ობიექტს, ამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატიმრის რესოციალიზაცია, რათა ის საზოგადოებას ჯანსაღ წევრად დაუბრუნდეს, მეტი მართლშეგნებით, მეტი მონდომებით, დანაშაულისკენ რომ აღარ გაიხედოს. ჩვენი მიზანია პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე დავწიოთ, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში. თუმცა მთავარი საზრუნავი აქ არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული შემდგომ და ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში, ვინაიდან საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება ისეთი უფლებების შეზღუდვას უკავშირდება, რომლის აღდგენასაც შემდგომ დრო სჭირდება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასურველია და უკეთესია, რომ ნაკლები პატიმარი გვყავდეს. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ასევე, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დავტოვოთ, შესაძლოა, ახლა მივიღოთ ამნისტიის პროექტი და ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებისთანავე მეორე ეტაპი განხორციელდეს. თუ ერთი პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში, ახალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხომ არ გავაკეთოთ ნაწილი, ნაწილი ახლა. შეიძლება ამ ყველაფერზე ფიქრი და მუშაობა, თუ უფრო ფართო მუხლების დაფარვა გვსურს. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, არაფერია გამორიცხული, ამ რისკსაც ვითვალისწინებთ და ვიმოქმედებთ კანონმდებლობის სრული დაცვით. როგორც აქამდე ვერ შეაფერხა ვეტოებით საპარლამენტო ცხოვრება, ამ შემთხვევაშიც, პირობას ვაძლევთ ყველას, რომ ვერცერთი ვეტო და დესტრუქციული ნაბიჯი ვერ შეაფერხებს საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობას, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება.
სააკაშვილსაც აქვს გამოყენებული ვეტო „ამნისტიის კანონზე“. შესაბამისად, ზურაბიშვილისგან, რომელიც სააკაშვილის გზას ადგას მთელი რიგი მიმართულებებით, გამორიცხული არაფერია. არავითარი ფასი ვეტოს არ აქვს, არც მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, რომ შემდგომ ვინმემ იმით მოიწონოს თავი, რომ რაღაცას ვეტო დაადოს. არავითარი ფასი და ძალა ამას არ ექნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.