ზოგი მათგანი [მუხლი] იმიტომ კი არ წერია [„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში], რომ ყველა შემთხვევაში ეწერებოდა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივებით წერია. მაგალითისთვის, საზღვრის უკანონო გადაკვეთა. გასაგებია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამოა აქ მოხვედრილი, თორემ სხვანაირად არ მოხვდებოდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
ხვიჩიას განმარტებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით სხედან ციხეში, იმის თქმა, რომ ამნისტია მათ არ შეეხებათ, მესამე პრეზიდენტის, „მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ცუდი საქმე არ იქნება, არამედ ჩვენ მიერ გაკეთებული ცუდი საქმე იქნება“.
„მგონი, ძალიან ცხადია, რომ ზოგი მათგანი [მუხლი] იმიტომ კი არ წერია [ამნისტიის შესახებ კანონპროექტში], რომ ყველა შემთხვევაში ეწერებოდა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივებით წერია. მაგალითისთვის, საზღვრის უკანონო გადაკვეთა. გასაგებია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამოა აქ მოხვედრილი, თორემ სხვანაირად არ მოხვდებოდა. ისევე, როგორც საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული. მესმის, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხება ამნისტია და ამას შეიძლება, რაღაც მოჰყვეს. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები და მომავალშიც რაღაც მიესჯება. მაგრამ იმის გამო, რომ მას ამნისტია არ შეეხოს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე მუხლით სხედან ციხეში, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი, მგონი, არაა სამართლიანი ვთქვათ, რომ იცით რა, არც ერთს არ გაგიშვებთ იმიტომ, რომ მიშა ზის ციხეში ამ მუხლით. მოდით, მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკე დავუტოვოთ სასამართლოს. ადამიანებს იმედები გადავუწუროთ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის მუხლით სხედან ციხეში, მგონი ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ცუდი საქმე არ იქნება, არამედ ჩვენი გაკეთებული ცუდი საქმე იქნება იმის გამო, რომ პოლიტიკურ კინკლაობას, ერთ დამნაშავეს, თქვენს ენაზე რომ ვთქვათ, გადავაყოლეთ დანარჩენი ადამიანების ინტერესები.
გვესმის, რომ ციხეში დამნაშავეები სხედან. მაგრამ ამის მიუხედავად ვაკეთებთ ამნისტიას და მეტ ნაკლებად, კარგი იქნებოდა, ყველას შეხებოდა, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულებს. მითუმეტეს, გასაღებას და რაღაცებს არ ეხება, რომლებზედაც თქვენ ცალკე დათქმები გაქვთ. ვფიქრობ, რომ განახევრებაზეც შეიძლება წავიდეს საუბარი იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ყველა გვესმის, რომ მოძალადეებზე არ გვაქვს საუბარი აქ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტი, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. განხილვა დაწყებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რის შემდეგაც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და უყრიან კენჭს.
პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.
ამნისტია არ შეეხება - მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.