გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.
პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი განიმარტება, როგორც „პოლიტიკური ჯგუფების თანასწორობა სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ“ და იკვლევს „სარგებლობენ თუ არა ყველა პოლიტიკური ჯგუფის წევრები სამოქალაქო თავისუფლებებით ერთნაირი დონით, თუ ზოგიერთი ჯგუფი ზოგადად უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია“
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში მეექვსეა, ევროპაში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. საქართველოს 2012 წელს პოლიტიკური თანასწორობის მიხედვით მსოფლიოში 84-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11 წლიან პერიოდში კი საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 69 ადგილით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას, დიდი შვიდეულის 5 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: ფინეთს, შვედეთს, სლოვაკეთს, ბელგიას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, ამერიკის შეერთებული შტატებს, რუმინეთს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, კვიპროსს, ლატვიას, იაპონიას, ესტონეთს, ნიდერლანდებს, ირლანდიას, სლოვენიას, მალტას, გაერთიანებული სამეფოს, საბერძნეთს, პოლონეთს, სამხრეთ კორეას, კანადას, უნგრეთს, ესპანეთს, ისრაელს, სინგაპურს, თურქეთს და ა.შ.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.