შალვა პაპუაშვილი: რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს

შალვა პაპუაშვილი: რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“–ში ისაუბრა არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ მათი გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის მიერ კიდევ ერთხელ მიცემული მანდატი, რომლითაც პასუხს გასცემენ თავიანთ ოპონენტებს.

„უპირველეს ყოვლისა ეს არის ქართველი ხალხის კიდევ ერთი ხმა იმისთვის, რომ მანდატი მისცეს საქართველოს ხელისუფლებას და პასუხი გასცეს ოპონენტებს.

გარკვეული პერიოდია ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უცხოელები, დიპლომატები თუ პოლიტიკოსები გველაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით, რაც არის პარადოქსი. წარმოგიდგენიათ საქართველოს ელჩმა რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში თქვას, რომ პოლონელი ხალხის ნება არის ეს და პოლონეთის ხელისუფლებავ ეს ყურად იღე. ეს ხომ სასაცილოდ არ ეყოფოდა პოლონეთის ხელისუფლებას, ან ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას. ჩვენთან დღეგამოშვებით სხვადასხვა უცხოელი აქტორი გამოდის და ყველა რატომღაც ფიქრობს, რომ უნდა გვესაუბროს ქართველი ხალხის სახელით, რომელსაც არ აქვს გრამი ლეგიტიმაცია ქართველებისგან.

ერთადერთი ლეგიტიმაცია არის ის NGO– ები, რომელსაც აფინანსებენ და ელაპარაკებიან. გარკვეული მიკრო საქართველო აქვს შექმნილი ზოგიერთ დონორს თავის გარშემო და ეს არის მისთვის საქართველო. ასე ვთქვათ ფოკუს ჯგუფი, მისი ფოკუს ჯგუფი არის მისი საქართველო. ჩვენ დანარჩენი ოთხი მილიონი არ ვარსებობთ როგორც ჩანს მათ თვალში.

ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რომ ქართველმა ხალხმა უთხრას ამ უცხოელ აქტორებს, თქვენ ჩვენი სახელით არ უნდა ილაპარაკოთ, რომ სანქციები დააწესე, ეს გააკეთე, ის გააკეთე. ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას რა არის მათი ნება. მათი მაღალი ხმა არის საჭირო, რომ მერე უკვე არჩევნებიდან მეორე და მესამე დღეს რომ გამოვა რომელიმე უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი და იტყვის, რომ ქართველი ხალხიო, ამას ვეღარ იტყვის იმ ომახიანი ტემბრით, რომელიც შეაჩვიეს მთელი საქართველოს. რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, გაერკვა საქართველოში და საქართველოზე უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.