რამდენიმე დღის წინ ესროლეს პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა აურზაურს გადარჩა სამყარო. ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა უპირველეს ყოვლისა თავად შეერთებულ შტატებში და რა გავლენა ექნებოდა ამას მსოფლიოზე – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“–ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ის საქართველოსა და აშშ-ს შორის პარალელებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკაშიც ზუსტად იგივე მეთოდებით მიდის კამპანია ტრამპის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვატყობთ გარკვეულ პარალელებს. ამერიკაში ზუსტად იგივე მეთოდებით ტრამპის წინააღმდეგ მიდის კამპანია. ზუსტად იმავეს იმეორებენ, რომ ის არის პუტინის მეგობარი, რუსეთის მეგობარია, არჩევნებში ერევა, ზუსტად რა კამპანიაც მიდიოდა ტრამპის წინააღმდეგ, იგივე კამპანია მიდიოდა და მიდის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
ზიზღის გაღვივების კამპანია, ჩვენთან რასაც აკეთებენ NGO– ები და პარტიები, ზუსტად იგივე კამპანიაა ტრამპის წინააღმდეგ. რომ ადამიანი გახადონ ზიზღის ობიექტი, რომ ვიღაცამ აიღოს შემდეგ იარაღი და ესროლოს, ან ვიღაცამ აიღოს „მოლოტოვის კოქტეილი“ და ესროლოს.
ეს არის ზუსტად ერთი და იგივე სტილი პოლიტიკური პროპაგანდისა, რომელიც აშშ–ში და საქართველოში ხორციელდება. აქ არის გარკვეული პარალელები. შემდეგ ჩვენ ვხედავდით ორგანიზაციებს „ფრანკლინის კლუბი“, „სირცხვილია“, სხვები, „კანვასის“ ტრენინგები, ამ ყველაფერს ემსახურებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.