კონსტიტუციური უმრავლესობა ამიტომაც გვჭირდება, რომ ეს იყოს ქართული საზოგადოების მკაფიო პასუხი იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„რაც შეეხება სამართლებრივ განზომილებებს, ამაზე საუბარი გამიჭირდება და ეს არ არის მთლად ჩემი კომპეტენცია, თუმცა ყველა საკითხს, როგორც პოლიტიკურს, ისე სამართლებრივს უნდა ჩავყვეთ. ბევრი რამ ირკვევა, მათ შორის მათი („ნაციონალური მოძრაობა“) წარსულის საქმეებიდან გამომდინარე, იქ, სადაც სამართლებრივი რეაგირებაა საჭირო, სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, თუმცა პოლიტიკურად შეუძლებელია, რომ ჩვენ ასე გავაგრძელოთ. მნიშვნელოვანია პოლიტიკური განაჩენი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გამარჯვება მშვიდობისა და კეთილდღეობის, ეს ამავე დროს უნდა იყოს დამარცხება ომისა და უსამშობლობის, რომელიც ჩვენ ოპოზიციაში გვაქვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.