სამწუხაროა, რომ აქამდე მიიყვანეს საქმე - ქართველი ხალხი უფრო და უფრო მეტად აღიქვამს უმადურობად ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონის გაყინვას გამოეხმაურა.
„სწრაფი გადაწყვეტილებები არის ცუდი იმიტომ, რომ ზედაპირულად მიიღება და რა თქმა უნდა ზედაპირულია, როდესაც უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით იღებ ასეთ გადაწყვეტილებას. ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს. რა გამოდის, რისკები შემცირდა რეგიონში - საქართველოს რისკები, ტერორიზმის, თუ მიატოვეს რისკების წინაშე ქართველი ხალხი?! ამის თქმა უნდა ვინმეს ჩვენთვის?! ქართული ჯარი, გვერდში ედგა ჩვენს პარტნიორებს ყველა ცხელ წერტილში. ჩვენ - საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში. ჩაშლილი იყო, რომ არა საქართველო. ევროკავშირისგან რომ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, არ მიკვირს, როდესაც შეხვედრები მაქვს მოქალაქეებთან და ისინი საუბრობენ, რომ ეს უმადურობაა.
სამწუხაროა, რომ აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს და უსაფრთხოებას, ქართველი ხალხი უფრო და უფრო მეტად აღიქვამს უმადურობად. მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი [ქვეყანა] იმალებოდა შტაბებში, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ. ახლა ვიღებთ ქედმაღლურ დამოკიდებულებას, ჩვენს ჯართან ერთად ჩაატარონ თუ არა წვრთნები. არასერიოზული და ზედაპირულია [გადაწყვეტილება], მაგრამ ეს ზედაპირულობა პოზიტიური იმ მხრივ არის, რომ როგორც ასე ზედაპირულად და სწრაფად მიიღეს ნეგატიური გადაწყვეტილებები კონტექსტის გამო, კონტექსტის შეცვლასთან ერთად იქნება ასევე პოზიტიური გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა იმ 30 მილიონი ევროს გაყინვა გადაწყვიტეს, რომლის მოწოდებასაც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გეგმავდნენ. მისივე თქმით, ახლა ეს თანხა სამოქალაქო სექტორსა და მედიას მოხმარდება.