ჩვენ შევძელით, რომ 12 წელი გვაქვს უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ზუსტად ამიტომაც არის, რომ საქართველოს სპორტში აქვს წარმატება და ვიყავით ახლა ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ამიტომ გვაქვს კულტურაში წარმატებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.
წამყვანმა პაპუაშვილს ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ოპონენტები ამბობენ, რომ როდესაც ხელისუფლება ომში ჩართვის საფრთხეზე საუბრობს, მას აღარაფერი აქვს პოზიტიური შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და ამიტომ ცდილობს რაღაცნაირად შიშებით იმოქმედოს არჩევნების შედეგებზე.
„პოზიტიური არის ის, რომ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით, რომ 12 წელი გვაქვს უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ზუსტად ამიტომაც არის, რომ საქართველოს სპორტში აქვს წარმატება და ვიყავით ახლა ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ამიტომ გვაქვს კულტურაში წარმატებები. ზუსტად ამიტომ არის, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ ევროკავშირის კანდიდატ ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით ეკონომიკურად, ინსტიტუციურად და ა.შ. ეს მოიტანა მშვიდობამ. ეს არის რასაც ვთავაზობთ და ამას ვეუბნებით მოსახლეობას, რომ რომ არა „ქართული ოცნება“, 2022 წლის თებერვალში რომ ყოფილიყო ნებისმიერი ამ ოპოზიციიდან ხელისუფლებაში - ერთად, თუ ცალ-ცალკე, იქნებოდა ომი გარდაუვალად. მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ გადაატრიალეს თავისი ნარატივები.
ჰკითხეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დააწესებდნენ თუ არა 2022 წლის თებერვალ-მარტში სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა იტყვიან კის. დღესაც დევს „ლელოს“ რეზოლუცია პარლამენტში, რომლითაც ითხოვენ, რომ საქართველომ ყველანაირად იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი და შეიტანოს ომის მსვლელობაში გადამწყვეტი წვლილი. სანქციების დაწესება რას ნიშნავს - ესკალაციაში შესვლას. ესკალაციის ბოლოში კი დგას რისკი ომის. ყველა, ვინც მოგვიწოდებდა დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ყველა გვიბიძგებდა ომისკენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.