ის დრო აღარ არის, როდესაც 90-იან წლებში საქართველოში ჩამოსული ელჩი ან დიპლომატი აღქმული იყო ზეადამიანად, რომელმაც ყველაფერი იცის. ჩვენ უკვე გავიზარდეთ საიმისოდ, რომ კრიტიკულად შევხედოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო „ადვილად ხელწამოსაკრავი და ვიღაცისგან ექსპერიმენტების ჩასატარებელი ერი არ არის“.
„ის წარმოდგენა, რომ დასავლელი პარტნიორი არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და ისინი როგორც გვეტყვიან ისე უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ უკვე გავიზარდეთ საიმისოდ, რომ ჩვენ კრიტიკულად შევხედოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ინტერესებს საფრთხეს უქმნის. განცხადებები, რომელიც ისმის ბრიუსელის ბიუროკრატიიდან, ქართველ ამომრჩეველში და საქართველოს მოქალაქეებში არასერიოზულად აღიქმება. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს სუვერენულ არჩევანს და დავიცავთ ამ არჩევნების შედეგებს ყველა საშუალებით“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.