ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ თანადგომა და თანაგრძნობა გამოვუცხადეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გამოიჩინა სიმამაცე და გადადგა ნაბიჯი, რომ უნდა დასრულდეს ეს სისხლისღვრა. დაიცალა უკრაინა სისხლისგან

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ თანადგომა და თანაგრძნობა გამოვუცხადეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გამოიჩინა სიმამაცე და გადადგა ნაბიჯი, რომ უნდა დასრულდეს ეს სისხლისღვრა. დაიცალა უკრაინა სისხლისგან

საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, რატომ გამოეხმაურა ორგანიზაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისადმი ევროპელი დეპუტატების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას.

გიორგობიანმა წამყვანის კითხვას - რამ გამოიწვია შეტევა ვიქტორ ორბანზე, უპასუხა.

„ცხადი გახდა, რომ ყველას მიმართ, ვინც ცდილობს რაღაც სამშვიდობო ინიციატივა შეიტანოს სისხლისმღვრელ კონფლიქტში, რომელიც ცენტრალურ ევროპაშია, მიმდინარეობს ბულინგი, დევნა. ამის მსხვერპლი შეიქნა არა მხოლოდ სხვა სახელმწიფოების მეთაურები, არამედ თვით ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მორიგეობით. მან გამოიჩინა ინიციატივა, ჩავიდა და ესაუბრა როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ასევე კონფლიქტში მონაწილე რუსეთის პრეზიდენტს, შემდეგ ჩინეთში იყო. დიდი ტურნე გააკეთა. ორბანი არ საჭიროებდა [მოლაპარაკებების გამართვის] მანდატს, რადგან ომი მიმდინარეობს ევროპაში და არ არის გასაკვირი, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ამაში ჩაერიოს.

ჩვენ თანადგომა და თანაგრძნობა გამოვუცხადეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გამოიჩინა სიმამაცე და გადადგა ნაბიჯი, რომ უნდა დასრულდეს ეს სისხლისღვრა. დაიცალა უკრაინა სისხლისგან. 40 წლის წინ გამოშვებული თვითმფრინავებით რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, მითხარით დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში?!

ჩვენ [ორგანიზაცია] იმიტომ გამოვედით ამ ინიციატივით, რომ მიმდინარე სიტუაციაში, რაც განვითარდა მსოფლიო ლანდშაფტში, საქართველომ უნდა გადახედოს თავის იმ ორიენტირებს, რომლის ნაწილი თავს მოახვიეს და ნაწილიც ჩვენი ნებით ავირჩიეთ თავის დროზე. თუმცა ნაწილი ტყუილი აღმოჩნდა, ნაწილი - არარეალური. ძალიან კარგი იქნება, თუ ამაზე დისკუსია გაიმართება“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

კითხვაზე, რას გულისხმობს ორიენტირების გადახედვაში, ბიძინა გიორგობიანმა განმარტა, რომ გულისხმობს ნეიტრალიტეტს.

„პირველ რიგში ნეიტრალიტეტს [ვგულისხმობ]. აღიარებულ ნეიტრალიტეტს ვგულისხმობ და არა თვითგამოცხადებულს. ეს უფრო რეალურად მიღწევადია, ვიდრე ის რაღაც ფანტომი, რომელსაც მივდევდით 17 წელია თითქმის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩანაწერი გააკეთეს, სხვა ეტაპზე გადახვალთო გვითხრეს, ასე უთხრეს უკრაინასაც და ბოლოს გამოუცხადეს 2034 წელს მიგიღებთო. ოკუპირებული ტერიტორიები თუ გვინდა რომ ოდესმე პოლიტიკური დებატების საგანი გახდეს დიდ ქვეყნებს შორის, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ნეიტრალიტეტი კარგ საფუძველს იძლევა ამ მოლაპარაკებებისთვის მომავალში“, - განაცხადა გიორგობიანმა.