როგორც ჩვენი გუნდის წევრების, ლიდერების მიერ არაერთხელ იყო განმარტებული, „ამნისტიის პროექტი“ არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდეს და დაუახლოვდეს კარგ ევროპულ სტანდარტს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვება განგრძობითი ნაბიჯები, რომელთა დაკავშირებითაც, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საუბრობდა გენერალური პროკურორობის კანდიდატი და ახლა უკვე გენერალური პროკურორი.
„სხვადასხვა მიდგომებიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება შეეცდება, რომ ამ მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდეს. რაც შეეხება თვითონ „ამნისტიის პროექტს“, არის მაქსიმალურად დაბალანსებული, გათვალისწინებულია როგორც საზოგადოების ინტერესი, რათა საზოგადოების უსაფრთხოებას რაიმე ნაკლი არ მიადგეს, ამავდროულად, პატიმართა რაოდენობა შემცირდეს.
ნებისმიერი მსჯავრდებულის ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, პატიმრის ყოლა არის დიდი განსაცდელი. ამავდროულად, არ არის გასაკვირი ის, რომ მძიმე მუხლებთან დაკავშირებით, ვისაც არ ეხება წარმოდგენილი ამნისტიის პროექტი, რა თქმა უნდა, ამ მუხლით მსჯავრდებული ადამიანები უკმაყოფილოები იქნებიან, ეს ხომ ძალიან ლოგიკურიც არის. ჩვენ მზად ვართ დამატებით ვიმსჯელოთ თუ არის შესაძლებელი. სივრცე გვაქვს, ოღონდ იმ პრინციპების დაცვით, რა პრინციპებითაც ახლა არის წარმოდგენილი „ამნისტიის პროექტი“.
თუ იქნება დასაბუთებული რაიმე მოსაზრება, შესაძლებელია გავაგრძელოთ მსჯელობა, მაგრამ არის მუხლები, რომლებსაც უბრალოდ ვერ შევეხებით. როგორიც არის, მაგალითად, მკვლელობა, სექსუალური ხასიათის დანაშაული, ტრეფიკინგი, ნარკოტიკების გასაღება და ა.შ. რომელიც ჩამოთვლილია „ამნისტიის პროექტის“ მეშვიდე მუხლში“, - აღნიშნა მან.