საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, ობიექტური შეფასების შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით აღიარებულია სწორი რეფორმები და მმართველობა, გამჭვირვალობა, სასამართლოს მიმართ ნდობა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ვკითხულობთ, თურმე საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა თავისი რეფორმირებული ეკონომიკით, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობით. ამას უმალავენ ბატონ კირბის ან მილერს, რომლებიც გვტუქსავენ ხოლმე იმის გამო, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ და ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა კანონი მიიღო? დემოკრატიაში უკან არისო და რანაირად მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერში, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ. ვინც რეგიონში ობიექტურად მიმოიხილავს ქვეყნებს, ნახავთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი მეორე წელია, ყველაზე გამჭვირვალეა, ნდობაა სასამართლოს მიმართ. დიახ, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველია. სწორი რეფორმებისა და მმართველობის აღიარებაა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.