საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება.
50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში მასპინძლობს.
პრემიერი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.
ირაკლი კობახიძე იმ განსაკუთრებულ როლზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის შესრულება საქართველოს დაკავშირებადობის კუთხით შეუძლია.
„ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან. დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ევროპელ პარტნიორებთან საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზეც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.