გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ხოლმე არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, მოვიდოდნენ და დასვამდნენ შეკითხვებს, თუმცა, ასეთი რამ არ ვიხილეთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა ამავე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენდნენ.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმას, რომ გიორგი გაბიტაშვილის განვლილი პროფესიული საქმიანობა მას განხორციელებული აქვს კეთილსინდისიერად.
„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვები, მათ შორის, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ამბობენ ხოლმე კამერების წინ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მართალია, არიან ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები, თუმცა, გვქონდა მოლოდინი, რომ სხვები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ხოლმე არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, მოვიდოდნენ და დასვამდნენ შეკითხვებს. ჩვენ ასეთი რამ არ ვიხილეთ და ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ბატონ გიორგის განვლილი პროფესიული საქმიანობა მას განხორციელებული აქვს კეთილსინდისიერად და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ქმნის საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მივიღოთ შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.