„რაც საჯაროდ გვაქვს, იქაც კი არის ბევრი მოცემულობა იმის სამტკიცებლად და დასადასტურებლად, პირდაპირი მოწოდებების ჩათვლით, რომ საქართველოსგან ითხოვენ ომს. შეიძლება ჩვენ განვავითაროთ ის ლოგიკური ვერსიაც, რომ უკრაინაში მანამდე არ დამთავრდება ომი, ვიდრე საქართველოსთან მიმართებით არ დარწმუნდებიან, რომ აქ ხელისუფლება არ იცვლება და მეორე ფრონტი აქედან, ამ მიმართულებიდან გამორიცხულია“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა გარე ძალებს აწყობდეთ, რომ რუსეთი შესუსტდეს მეორე ფრონტის გახსნით და ეს ინტერესი გასაგებიც კი არის, თუმცა ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.
„მეორე ფრონტი შეიძლება უნდოდეს ყველას, ვინც რუსეთის დასუსტებაზე ფიქრობს. მაგრამ ჩვენთვის სხვა მოცემულობაა. გარე, ნებისმიერი ძალისთვის, ცუდს და კარგს დავანებოთ თავი, შეიძლება ეს იყოს გამართლებული ინტერესი. შენთვის არის დამღუპველი ინტერესი, თორემ გარედან რატომაც არა?! რატომაც არა, რომ მეორე მხრიდან რუსეთს ვიღაცამ შეუტიოს? უბრალოდ შენ ხარ ის სუბიექტი, რომელსაც იმის ძალა შეგწევს, რომ შეუტიო კიდევაც და გადარჩე?! ამაზე გვაქვს საუბარი. ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ. და ჩვენ თუ ამ ომში შევედით, უკრაინას, ამხელა ქვეყანას უდგას ეს საკითხი დღის წესრიგში და ვაი იმ გადარჩენას, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ 100%-იანი გარანტია გვაქვს დაღუპვის და რატომ ჩვენს ხარჯზე?“,-აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, აშშ-ში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ და ტრამპი გახდება პრეზიდენტი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამის პარალელურად, თუ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება, უდიდესი შანსია, რომ 2025 წელს უკრაინის ომი დასრულდეს.
„ტრამპის განცხადებები არაერთი გვინახავს, რომ ომს დაასრულებს და ომი დასრულდება. ამ შემთხვევაში, უკვე საქართველოს მიმართ ინტერესები იქნება სხვა. არის მაქსიმალური ლოგიკა იმაში, რომ საომარი მოქმედებების არარსებობის შემთხვევაში უკრაინაში, უკრაინაში მშვიდობის შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით ინტერესები შეიცვლება“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.