სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმააცია სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა.
მათივე ცნობით, მაგდალენა გრონოს კანდიდატურას ოფიციალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.
„პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა ახლახანს დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაციას ოფიციალურად დაადასტურებს ევროკავშირის საბჭო. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ახალ ამპლუაში “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს შეცვლის. შეგახსენებთ, აპრილში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი უზბეკეთში ელჩად წარადგინა.