აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახური მთლიანად პასუხისმგებელი იყო დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის ადგილზე უსაფრთხოების ზომების განხორციელებასა და აღსრულებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ამ კონკრეტულ ადგილზე ჩვენ დავყავით პასუხისმგებლობის ზონები, მაგრამ საიდუმლო სამსახური მთლიანად პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების ზომების განხორციელებასა და შესრულებაზე“, - აღნიშნა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, გარი პიტერსმა განაცხადა, რომ კომიტეტი იწყებს ორპარტიულ გამოძიებას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ.