ჩვენ ყველა კონფიგურაციისთვის მზად ვართ, ყველანაირი სცენარი გათვლილი გვაქვს. ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს სამწუხაროდ ვერ იღებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები უცხოელი „უფროსების“ დავალებით მოქმედებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია. აქეთ არის „ახალი“, რომელმაც ახალთახალიც რომ დაირქვას მაინც ძველები არიან. იქ არის გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რომელიც ძალიან ბევრ სკანდალურ საქმეშია გარეული და თავის წარსულს ვერ ჩამოირეცხავს. ნიკანორ მელია, რომელიც „ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე იყო და ფაქტობრივად „ფეისბუქით“ გადაირჩიეს; ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება და ბატონი ჯაფარიძე, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნება საქართველოში, მას პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ პატრიოტი არ ვარო და არ ვიცი, როგორ უნდა აძლევდე ხმას ისეთ ადამიანს, რომელიც თავს პატრიოტად არ მიიჩნევს. მე ვერ ვხვდები ისინი რანაირად არიან ახლები. რაც შეეხება მესამე ცენტრს, ვხედავთ როგორ მესიჯებს უშვებს ბატონი გახარია ბატონი ხაზარაძის მიმართ - „ნაცობისგან“ უნდა ვიხსნაო. ძალიან დარდობს ალბათ და ჩვენ გვახსოვს ისინი ერთმანეთს როგორ ლანძღავდნენ წლების განმავლობაში. როგორ უნდა შედგეს მათი ერთობა თუ არ იქნება უცხოეთიდან დავალება, რომელიც იქნება. მათი მთავარი ამოცანაა, რომ ბარიერი გადალახონ და გარედან რაღაც კონფიგურაციებს ქმნიან. ჩვენ გვახსოვს ქალბატონმა ზურაბიშვილმა გვარამია შეიწყალა ვითომ პოლარიზაციის შემცირებისთვის, ამ დროს კი მან პოლარიზაცია გააღრმავა. რა სიტყვებითაც გვარამია ეთერში მას მოიხსენიებდა, როგორ წარმოგიდენიათ, რომ მას გვარამია შეეწყალებინა, თუ არ მიიღებდა ის უცხოეთიდან ამის შესახებ დავალებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.