„ჩვენ - „ხალხის ძალა“ და ქართული ოცნება“, ოქტომბრის არჩევნებში გაერთიანებული ძალებით ვიქნებით წარმოდგენილი იმ ღირებულებების დასაცავად, რაზეც ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად რეფერენდუმია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ირჩევს საქართველო - ომს თუ მშვიდობას.
„მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსება - ეს არის ის, რასაც ყველა გამოსვლაში ვახსენებთ და რაც მთელი 12 წლის განმავლობაში უწყვეტად შეინარჩუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. სწორედ ამით შევალთ ევროპაში. თან, ეს ყველაფერი გარე თუ შიდა ზეწოლის ფონზე მოხერხდა და რაც მთავარია, სამწუხაროდ, ეს ზეწოლა არსად არ წასულა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა სიტყვით გამოსვლისას, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ომი იყო და საუბედუროდ, ეს საკითხი კვლავ აქტუალურია. იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკრაინისთვის თავსმოხვეული ეს უბედურება მაქსიმუმ ერთ წელიწადში დასრულდება და ევროპასაც და ჩვენს ქვეყანასაც მშვიდობიანი განვითარების საშუალება მიეცემა.
ქვეყანაში არსებულ მშვიდობას უკავშირდება კეთილდღეობაც, რაც თითოეულ მოქალაქეს ეხება და რაზეც თანმიმდევრულად მუშაობს ხელისუფლება. ამ მხრივ კი ომზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ომს თავი აარიდა, ახლა კი ბურთი ჩვენი მოქალაქეების მხარესაა - მათ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება არჩევნებზე. შევეცდებით, ამომრჩევლამდე კიდევ უფრო ზუსტად მივიტანოთ ის გზავნილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ირჩევს საქართველო - ომს თუ მშვიდობას.“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.