სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა. საქპატენტის ხელმძღვანელმა WIPO-ს გენერალურ დირექტორს უწყებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე ინსტიტუციური თუ საკანონმდებლო რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქპატენტისა და WIPO-ს თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები.

სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი ჰარმონიზაციისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ თითქმის ყველა საკანონმდებლო აქტში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოში მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „პატენტრწმუნებულთა შესახებ“. შედეგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პატენტრწმუნებულების პროფესიულ განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების უკეთ დაცვაზე.

საქპატენტის თავმჯდომარემ WIPO-ს გენერალურ დირექტორს აცნობა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო აქტებში და დღეს საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება „უსინათლო, მხედველობა შეზღუდული და ბეჭდვითი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობის სხვა დარღვევების მქონე პირთათვის გამოქვეყნებულ ნაწარმოებებთან ხელმისაწვდომობის გაადვილების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებას. უახლოეს პერიოდში დასრულდება შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურები მარაკეშის ხელშეკრულების საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით. შესაბამისად, გაიზრდება უსინათლო, მხედველობა შეზღუდული და ბეჭდვითი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობის სხვა დარღვევების მქონე პირთათვის გამოქვეყნებულ ნაწარმოებებთან ხელმისაწვდომობა.

ამასთანავე, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქპატენტისა და WIPO-ს ერთობლივ პროექტზე „საქართველოში შერჩეული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების კოლექტიური მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ“, რომელიც ახლახან დასრულდა და მიზნად ისახავდა ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მწარმოებლების, ფერმერებისა და ასოციაციების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში შერჩეული იყო ადგილწარმოშობის დასახელება „თუშური გუდა“, რომლის მწარმოებელთათვის ჩატარდა არაერთი ტრენინგი, რომელიც ეხებოდა ასოციაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კონკრეტულ მიმართულებებს.
სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის რატიფიცირების მიზნით, მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურები, რომლის შედეგად საქართველო გახდება ჟენევის აქტის ხელშემკვრელი მხარე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგებსა და ინტელექტუალური საკუთრების განათლების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება ერთობლივი პროექტები ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის მიმართულებით, ასევე, მომზადდა დისტანციური სწავლების კურსი მოსამართლეთათვის, ტრენერთა გადამზადების პროგრამა და გეოგრაფიული აღნიშვნების აღმასრულებელ პროგრამაზე სპეციალიზებული საერთაშორისო კურსი. საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დაგეგმილია ძირეული განახლება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სასაქონლო ნიშნების ონლაინ კურსისა და, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის – DL101GE, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ხორციელდება საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე, გრძელვადიან ინიციატივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც საქართველოს დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში.