მთელი ეს [ოპოზიციური] შეკრებები და გამოკლებები ემსახურება სწორედ ამ მიზანს, რომ საქართველო რამენაირად გახადონ ამ მსოფლიოს ახალ გლობალურ გადანაწილებაში მათ სათამაშო იარაღად, რასაც ჩვენ შევეწირებით, მაგრამ ვიღაც ამით მოიგებს ზუსტად ისევე, როგორც 2008 წელს მოხდა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დღესაც უშვებენ [პარტნიორები] შეცდომებს და ძალიან ხშირად ეს შეცდომები კი არ არის, არის შეგნებული დანაშაული ხალხების და ქვეყნების წინაშე. მაგალითად, როდესაც იგივე უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ მიგიღებთ ნატოშიო და უცებ გაირკვა, ჯო ბაიდენმა პირადად თქვა, რომ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ნატო-ში რომ მიგვეღო უკრაინა და დღესაც წინააღმდეგი ვარო. ამ დროს, ამ ქვეყანას ამდენი ხანი ეუბნებოდნენ, რომ შენ იქნები ნატო-ს წევრიო. ბაიდენის ამ განცხადების ფონზე, სტოლტენბერგი იძულებული გახდა შორეული თარიღი მაინც დაესახელებინა და თქვა, რომ 2034 წელს სავარაუდოდ მივიღებთო. მანამდე, სავარაუდოდ უნდა იომოს უკრაინამ.
ამას გვიმზადებდნენ ჩვენ, ამას გვიმზადებენ დღესაც, მთელი ეს [ოპოზიციური] შეკრებები და გამოკლებები ემსახურება სწორედ ამ მიზანს, რომ საქართველო რამენაირად გახადონ ამ მსოფლიოს ახალ გლობალურ გადანაწილებაში მათ სათამაშო იარაღად, რასაც ჩვენ შევეწირებით, მაგრამ ვიღაც ამით მოიგებს ზუსტად ისევე, როგორც 2008 წელს მოხდა. დღესაც იგივე შეცდომებს უშვებენ საქართველოსთან მიმართებაში როცა გვეუბნებიან, რომ არ დავაფინანსებთ ქართულ ჯარს, მაგრამ დავეხმარებით იმ ადამიანებს, იმ კრიმინალებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს“, - აღნიშნა სუბარმა.